06 სექტემბერი 2026,   03:14
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე 2 ექსპერტი დაიკითხება - ადვოკატებს მათ დასკვნებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს. დღეს 2 ექსპერტი დაიკითხება - სამხარაულის სახელობის ბიუროს ის ორი სპეციალისტი, რომელმაც კომისიურ და კომპლექსურ ექსპერტიზებში მიიღეს მონაწილეობა. მათ უნდა თქვან, რა სახის დაზიანებები ჰქონდა მოკლულ ფეხბურთელს და სად და როგორ შეიძლება ისინი მიეღო.

ადვოკატებს ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ. 

"ექსპერტებს არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ ის ფაქტი, შესაძლებელია თუ არა ბურჯიდან ჩავარდნის შემთხვევაში მიეღო ეს დაზიანება. ექსპერტებს ასევე არ შეუსწავლიათ წყლის ქვეშ არსებული ქვები, რომლიდანაც შესაძლებელია მიეღო გარკვეული დაზიანებები. ექსპერტებს არ შეუსწავლიათ სხვა უამრავი საგანი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და არ დაუდგენიათ მათი პარამეტრები და ვერ გვცემენ პასუხს, შესაძლებელია თუ არა ამ საგნებიდან დაზიანება," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით კი, ექსპერტებმა ყველა ის ტერიტორია შეისწავლეს, რომლითაც შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი, მასზე განხორციელებული ძალადობის ადგილას მოხვედრილიყო.

დღის ამბები