17 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
რუსული აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება - 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

თბილისის დროით 14:00 საათზე გამართული სხდომის ფარგლებში გამოცხადდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

"სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი 8 მუხლით გაამტყუნა, 38-ე მუხლი მოსამართლეებმა თავადვე დაამატეს, რაც სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულების უგულვებელყოფას გულისხმობს, რაც რუსეთისთვის ჩვეული პრაქტიკაა.   

დღის ამბები