19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია დღეს მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ. საქმე უკავშირდება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეს, რომელშიც დაზარალებულის სტატუსი ჟურნალისტს აქვს.

პროცესს ესწრებოდა დაკავებული, რომელიც საქართველოში შემოვიდა ვასამბეკ ბოკოვის სახელით.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, მას დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, საიდან იცოდა მისი ლიკვიდაციის​ გეგმის შესახებ და შეხვედრია თუ არა პირადად ბრალდებულს. 

"ძირითადად, კითხვები შეეხებოდა იმას, საიდან მქონდა ინფორაცია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. შემდეგ, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ბრალდებული პირადად თუ მინახავს ან თუ შემხვედრია. არა, თქვენც რომ ნახოთ რეალურ ცხოვრებაში, ასეთი ადამიანი რომ შეგხვდეთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. არ მინახავს, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის ვითარებას.

ამიტომაც, თვითონ ბრალდებასაც და დაცვასაც ამ მიმართულებით აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლიკვიდაცია ვერ მოხდა, რამდენად დაასახიჩრა ამან ჩემი ყოველდღიური ცხოვრება,"-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მოწმე ნიკა გვარამიას შეკითხვით მიმართა ბრალდებულმა მაგომედ გუციევმა, რომელიც დაინტერესდა - საიდან ფლობდა ინფორმაციას და ვერსიებს, რომელსაც აქამდე ავრცელებდა.

"ძალიან უსიამოვნო შეგრძნებით გამოვედი, ძლოკვი იჯდა ჩვეულებრივად, რაღაცნაირი ხმით. შეიძლება ადამიანის უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია ქილერი.

მე მქონდა ინფორმაცია მარტში, უკრაინული წყაროებიდან და ვიცოდი, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები ფლობდნენ ამ ინფორმაციას, ანუ მიიღეს უკრაინიდან და მუშაობდნენ. ამიტომ, ჩვენ ვიყავით ძალიან ფრთხილად, არ ჩავერიეთ ამაში, არ გამჟღავნებულა ეს. სულ სამმა ადამიანმა ვიცოდით - მე, გიორგიმ და მისი დაცვის უფროსმა. ამის შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი. რაც ზუსტად ვიცით და არის ახალი ინფორმაცია, სუსს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი მიდის პუტინამდე, და უბრალოდ, აღარ იცის რა ქნას,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღესვე პროცესზე დაკითხეს გიორგი გაბუნიას დაცვის წევრები.

დღის ამბები