ბათუმში მიმდინარე აქციაზე დღეს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილის მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა. ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი მივიდა.
ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატია აჭარაში, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას გამოეყო და მანდატზე უარი არ თქვა. სწორედ ამის გამო, მას აქციის ახალგაზრდა აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ და თავზე ნაგავი დააყარეს.
"ამაზრზენია და ერთნაირად სამარცხვინოა ის ხალხი, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება" - დაწერა სალომე სამადაშვილმა.
ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია რომელიც ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება.