20 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის გამო დაკავებული ირაკლი ფანგანის მხარდასაჭერი აქცია დღესაც გაიმართება

ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. პარალელურად, იგეგმება მორიგი აქციაც.

დღის ბოლოს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან ირაკლი ფანგანის გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი შერჩევით სამართალზე საუბრობდნენ.

"არავის არა ჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, იმიტომ, რომ ცალსახად იკითხება, რომ ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან.

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება - ასე აფასებენ ამ ქმედებებს და ადამიანები თავისუფლად დადიან, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ თითქოს ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ დევნას ჰქონდა ადგილი; ეს, სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ, მორალურ ფარგლებსაც ცდება, ჩემი აზრით. ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება,"-განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

შერჩევით სამართალზე საუბრობს "ლელოს" წევრი ვაჟა დარჩიაც, რომელმაც გაიხსენა, რომ სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ მსგავსი ქმედებისთვის გორის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საერთოდ არ დასჯილა. 

"მომხდარი, რა თქმა უნდა, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ადამიანის დასჯა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ შეესაბამება იმ პოლიტიკას, რომელსაც "ოცნება" ატარებდა - გვახსოვს, იგივე, გიგა მაქარაშვილის შემთხვევა, როდესაც ანალოგიური შემთხვევისთვის გორის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი საერთოდ არ იქნა დასჯილი. შესაბამისად, ამ ფაქტისთვის ამ აქტივისტის დასჯა იქნება მიუღებელი და ორმაგი სტანდარტის დათესვა,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ განხორციელებული დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. რამდენიმე დღის წინ მან ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა, ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა. პროტესტის მიზეზი ირაკლი ჩავლეიშვილის მხრიდან ბოიკოტზე უარი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა იყო.

დღის ამბები