23 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი ახალგაზრდა გამოიწვია - "ალტერნატივას" აქტივისტის დაკავებას ნიკა მელია აპროტესტებს

ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებს "ნაციონალური მოძრაობა". გავრცელდა ნიკა მელიას განცხადებაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტი ირაკლი ფანგანი გამოიწვია.

"ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, 16-ე საუკუნეში რომ გეცხოვრათ, აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!

ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა.

იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა.

დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია," - ამონარიდი ნიკა მელიას განცხადებიდან.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ განხორციელებული დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. რამდენიმე დღის წინ მან ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა, ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა. პროტესტის მიზეზი ირაკლი ჩავლეიშვილის მხრიდან ბოიკოტზე უარი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა იყო.

დღის ამბები