საზღვრის დემარკაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პირველი შეფასებები პროკურატურის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა.
ე.წ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების მხარდამჭერები, ადვოკატები და პოლიტიკოსები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლება შესაძლებელია ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს.
"ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომლის გამოყენებაც სურდა ივანიშვილს. დღესაც ვნახავთ, არა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ ივანიშვილის პოლიტიკური თამაშიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ზოგზოგიერთებმა პარლამენტში შესასვლელად, საბაბადაც კი გამოიყენონ,"-აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ილიჩოვა-მელაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამ ადამიანების საპატიმროდან გამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. თუ ეს დევნა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, მაშინ ეს ბრალდებები უნდა მოიხსნას,"-აღნიშნა საბა ბუაძემ.
მოძრაობა ”სირცხვილიას” აქტივისტი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიტიკური მართლმსაჯულებით იმართება.
"პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ამ პოლიტიკურ თამაშებში არ ეხსნებათ, პირიქით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ქვეყანა პოლიტიკური მართლმსაჯულებით იმართება,"-აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.