ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლების საკითხს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ.
მათი განცხადებით, თავად გათავისუფლების ფაქტი დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა პროცესები არ დასრულებულა და საქმე სავარაუდოდ არსებით განხილვაში გადაეცემა სასამართლოს.
მათივე თქმით, არცერთი მტკიცებულება ბრალდებულების დანაშაულს არ ადასტურებს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფები საბოლოოდ გამართლდნენ.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი და ინტერესი აქვს.
"ამ გადაწყვეტილებას არ აქვს მხოლოდ სამართლებლივ ჭრილში განხილვა არ იქნება სწორი, ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა პოლიტიკური მოტივები და ინტერესები, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც, არ არის გამორიცხული, რომ დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან," - აღნიშნა ადვოკატმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც შეიძლება საბოლოოდ სასამართლომ მიიღოს, არის გამამართლებელი განაჩენი.