მმართველი გუნდი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არსებობს მერკანტილური ინტერესი, საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამის ინტერესი, შესაძლოა, ჰქონდეს როგორც თავად ბრალდებულებს, ასევე, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს.
"ის, რაც გამოძიების პროცესიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის, თვითონ ბრალდებულების განმარტება, თუნდაც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ვფიქრობ, საკმაოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა საქართველოსთვის, რომ ის მონაკვეთი, რაზედაც ვსაუბრობთ, ჩაითვალოს საქართველოს საზღვრებში შემავალ ტერიტორიად. აქედან გამომდინარე, ეს მართლაც უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხი, საქართველოსთვის არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს და ვიღაცის მერკანტირული ინტერესების სამსახურში იქნეს ჩაყენებული. ეს არის სრულიად ამორალური, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი პოზიცია ბევრის მხრიდან.
მოტივაცია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, შეიძლება ჰქონდეთ ბრალდებულებსაც და პოლიტიკურ ჯგუფებსაც. მართლაც ძალიან დიდია მონდომება პირადად ამ ადამიანების მხრიდან და მისი მხარდამჭერი ან მისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ ვითარებას მაქსიმალურად პოლიტიკური ელფერი მიეცეს,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გია ვოლსკის შეფასებით, ივერი მელაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, რაშიც მხარს პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი რაოდენობა უჭერს.
"ივერი მელაშვილი, მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიებს მხრიდან, არის სრულად მხარდაჭერილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტია. იყო მცდელობები, რომ ეს საკითხი გადაეტანათ ფილოსოფიურ წიაღსვლებში, მაგრამ ფაქტია, რომ არამარტო ივერი მელაშვილის მიერ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ოფიციალური პირების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ გარეჯის საკითხი გადაწყვეტილია, რომ მისი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.