კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში იმ ვაქცინების შემოტანაზეა საუბარი, რომლებიც თავისი რეიტინგით ევროპაში ლიდერობენ და ესენია Pfizer -ი, Moderna და AstraZeneca. თუმცა როგორც თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მისი აზრით, მომავალში გამოჩნდება, რომ ჩინური ვაქცინაც საკმაოდ ეფექტურია.
"ეს ჩემი პირადი აზრია და ვნახავთ, პრაქტიკა დაადასტურებს, რომ ჩინური ვაქცინა ეფექტურობით არ გამოდგება ცუდი და ხელწამოსაკრავი, მაგრამ ვინაიდან ჩვენთან სიტყვა ჩინური არ ასოცირდება მაღალ სანდოობასთან და რომ არ გავაღრმავოთ და არ მივცეთ მოსახლეობის სკეპტიკურ ნაწილს საბაბი, რომ უარი თქვან ვაქცინაზე, იმიტომ რომ ჩინურია, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა და არაერთგზის განაცხადა, რომ შემოიტანს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც სერტიფიცირებული იქნება ჯანმოს მიერ.
ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არაა სერტიფიცირებული ჯანმოს მიერ და მას ვერ შემოიტანენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩინური ვაქცინისთვის, რომ ის ეყიდა თურქეთს, აზერბაიჯანს, ბრაზილიას, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს. ერდოღანმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ძლიერმა და შეძლებულმა ფიგურამ ღია ეთერში აიცრა ჩინური ვაქცინით," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.