ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარშია გადაბრძანებული - ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, კომპანიის კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართული ჯვარი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მღვდელმთავართან შეთანხმებით, ქუთაისში გადაიტანეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია "ენკა". ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.
გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.
მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს," - აცხადებენ მერიაში.