მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
საქმის პროკურორის განცხადებით, სხდომაზე დეტალურად გამოიკვლევენ ინფორმაცია სატელეფონო მიმოწერის და საუბრების შესახებ, რომელიც ბრალდებულებს და დაზარალებულებს ეხებათ. ასევე გამოიკვლევენ ვახტან ჩიქოვანის ტანსაცმლის და ამით ბრალდების მხარე დაასრულებს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, ხვალიდან კი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
"ბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების გამოკვლევას. გამოვიკვლევთ დეტალურ ინფორმაციას, ანუ იმ სატელეფონო მიმოწერებს თუ საუბრებს, რომელიც ეხება ბრალდებულებს, დაზარალებულებს და ა.შ. ასევე, გამოვიკვლევთ ვახტანგ ჩიქოვანის ტანსაცმელს და ამით ბრალდების მხარე დაასრულებს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას.
იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ, უტყუარად დგინდება რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილია იმ ხუთი პირის მიერ, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული," - განაცხადა პროკურორმა.
არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარეს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის, თუ როგორ გაჩნდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები.
"ვერ იქნა ვერანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ, რომელიც დაასაბუთებდა და დააზუსტებდა იმ გარემოებებს, თუ როგორ მოხდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე იმ დაზიანებების მიღება, რომელიც მას ჰქონდა და როგორ მოხვდა ის წყალში.
ის გარემოება, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების რაიმე სახის შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან, მსგავსი მიმოწერა ან მსგავსი ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს," - აცხადებს ადვოკატი.