სასტუმრო "ბუდაპეშტის" ადმინისტრაცია უკანონოდ მიიჩნევს იმ სამუშაოებს, რომელიც ვაკის პარკშია დაგეგმილი. კომპანიისთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა დედაქალაქის მთავრობას მოლაპარაკებები ბიზნესთან იქამდე, ვიდრე რეაბილიტაცია დაიგეგმებოდა.
"გუშინწინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ გამოგვეხმაუროს მერია და გვითხრას, რას გვიპირებენ, რადგან ეს არის ჩვენი კერძო საკუთრება. ეს არის გზა, რომელიც მიწის ნაკვეთს თან სდევს 1958 წლიდან. აქ იყო რესტორანი "ბუდაპეშტი" და იმის შემდეგ ფუნქციონირებდა ცალკე არსებულ მიწის ნაკვეთად ცალკე გზა.
იყო გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ ეს იგივეა, როგორც ადრე ხდებოდა, 6 მილიონიან ან 20 მილიონიან მიწაში შემოგთავაზონ ავტოფარეხი რეგიონში, რომელიმე სოფელში,"-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ.
მერიის განცხადებით, კომპანია თვითნებურად ვერ დაიწყებს მშენებლობას და კომპანიას მოუწოდებენ მოლაპარაკებისკენ, რომ არ დაზარალდეს არც კერძო და არც საჯარო ინტერესი.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ის გამოსავალს მხოლოდ აქტივების მონაცვლეობაში ხედავს.
"მძიმეა ამ საკითხის მოგვარება იმ იდეალური ბალანსით, რომ არ დაზარალდეს არც საჯარო და არც კერძო ინტერესი. საკმაოდ მძიმე ტვირთი გვაწევს, რომ 2013 წელს ასეთი ძვირადღირებული, საგამონაკლისო გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმდროინდელი მერი მიერ. ეს ტვირთია, რომელიც ახლა ჩვენ გვადევს და რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. გამოსავალს ვხედავ მხოლოდ მასში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ,"-განაცხადა ვიცე მერმა.