19 დეკემბერი 2024,   04:07
ვრცლად
როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა. როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო - დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, ცესკოს ყველა თანამშრომელს თავისი უფლებამოსილების ვადა აქვს. 

"იმ წევრებს და, მათ შორის, თავმჯდომარეს, აქვთ ვადა და ამ ვადის ფარგლებში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეეძლება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი სამუშაო ჯგუფზე მე არ მსმენია, საკითხები იმასთან დაკავშირებით, შეუწყდება თუ არა ვინმეს ვადა, არ განხილულა. დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა მოქმედ წევრს კანონით განსაზღვრული ვადა აქვს,"-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტის, ნინო რიჟამაძის განცხადებით, დოკუმენტი ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხს არ ითვალისწინებს. 

"ძირითადი საკითხები, რომელსაც არ ითვალისწინებს აღნიშნული დოკუმენტი, არის ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი. ასევე, არ არის დეტალური ცვლილებების ხედვა რესურსის გამოყენების და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების რეგულირება და დეტალური სამართლებრივი მოწესრიგება არის მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ნინო რიჟამაძემ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, მემორანდუმთან დაკავშირებით ორგანიზაციას რამდენიმე კითხვა აქვს. 

"მემორანდუმში რაც წერია, იმასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გვაქვს: პირველი, ეს არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. რაც არის შემოთავაზებული, მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რაც, ჩვენი აზრით, რისკებს შეიცავს, რომ ეს კომისიები იქნება კვლავ მმართველი პარტიის გავლენის,"- განაცხდა ლევან ნატროშვილმა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, კონკრეტულად ვინმესთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. 

"კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს საუბარი არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ როცა ვამბობთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პროპორციულად, ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ პარტიული წევრები არ უნდა იყვნენ, არამედ იმასაც, რომ ორპარტიული მხარდამჭერები უნდა დაინიშნონ. ახალ წევრებს უნდა ჰქონდეთ როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ნდობა ამაღლდეს. მოქმედ წევრებს, მოგეხსენებათ, არ აქვთ ასეთი მხარდაჭერა,"-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

დღის ამბები