19 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვასილ მახარაძე გამოიკითხა 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე დაკავებული 5 პირის საქმეზე, დღეს ბრალდებული მორაგბე, ვასილ მახარაძე გამოიკითხა. პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმართება, დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

სწორედ, დაცვის მხარის მოწმეთა სიაშია შაქარაშვილის საქმეზე სხვა ეპიზოდზე ბრალდებული ვასილ მახარაძე. ის, შემთხვევის დღეს "ტოიოტა ქამრის" მართავდა, თუმცა, მას მკვლელობას არ ედავებიან.

ვასილ მახარაძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, რომ განსხვავებული ინფორმაცია არ მიუღიათ და პროკურატურა ცდილობს სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში. 

"ის რაც გამოკითხვის ოქმში იყო შედგენილი, რაც ბრალდების მხარემ პირველსავე დღესვე მიიღო ინფორმაცია ვასილ მახარაძისგან, დღეს განსხვავებული არაფერი არ მიუღია, აბსოლუტურად და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ პროკურატურა ცდილობს სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში. აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც არის ამ საქმეზე გამოყოფილი და მე მჯერა, რომ სასამართლო იდგება საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე"-ამბობს ვასილ მახარაძის ადვოკატი.

პროკურორი დავით ყაზარაშვილის თქმით, ვასილ მახარაძე არის გიორგი შაქარაშვილსა და სხვა პირებზე თავდასხმაში ბრალდებული. პროკურორის თქმით, ვასილ მახარაძე, სიმართლეს არ იტყოდა, რადგან საწინააღმდეგოდ იქნებოდა გამოყენებული მის მიმართ. 

"რა თქმა უნდა, სიმართლე არ თქვა ვასილ მახარაძემ სასამართლოს წინაშე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იგი არც იტყოდა სიმართლეს, ამის მოლოდინი ჩვენ ნამდვილად არც გვქონდა. ის არის ერთ-ერთი ბრალდებული, ვისაც ამ ეპიზოდში, გიორგი შაქარაშვილზე და სხვა დანარჩენ პირებზე თავდასხმაში აქვს ბრალი წაყენებული და იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი სიმართლეს იტყოდა, რა თქმა უნდა, მის საწინააღმდეგოდაც იქნებოდა ეს სიმართლე გამოყენებული"- ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

დღის ამბები