ენგურის ხიდი იხსნება - საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმოსვლა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში აღდგება.
საკითხს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სადაც მან კონკრეტულად ისაუბრა იმ რეგულაციებზე, რისი დაცვაც მოუწევთ როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელებს, ასევე ტერიტორიაზე შემსვლელებსაც. რეგულაციები ბუნებრივია პანდემიის გამო დაწესდება.
"ხელისუფლება, როგორც არა ერთხელ აღვნიშნავთ, და ხაზს ვუსვამთ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმის და ბერკეტის გამოყენებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით, მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება.
ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაყოფენ 5 დღეს, საკარანტინე სივრცეში და PCR ტესტირების შედეგად, ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5 დღიანი საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ, დატოვონ საკარანტინე სივრცე.
ადგილზე, ენგურის ხიდზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც შესაძლებლობას მისცემს გადმოსულ მოქალაქეებს, რომ შეფასებულ იქნას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.