19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმე - ვის ადანაშაულებს თურქეთიდან დაბრუნებული დედა ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაში

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 14 წლის გოგონას დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში კონკრეტული პირები დაადანაშაულა. მისი თქმით, მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. მერი რომანაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას თავად გოგონასგან ჰქონდა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ შვილის თურქეთში წაყვანაც უნდოდა, რისთვისაც საბუთებს აგროვებდა.

მშობელი მომხდარზე პასუხისმგებლობას სოციალურ მუშაკებსაც აკისრებს, რომლებმაც მისი თქმით, ბავშვის ინტერესების დაცვა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერი რომანაძეს დედობის უფლება ჩამორთმეული აქვს, ამას თავადაც ადასტურებს, თუმცა რა მიზეზით, არ აკონკრეტებს. 14 წლის ბავშვის მეურვედ ბაბუა ითვლებოდა.

ბრალდების ადრესატებმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს. თუმცა, პირად საუბრებში კატეგორიულად უარყოფენ ბავშვზე ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლას და პასუხისმგებლობას თვითმკვლელობაზე 23 წლის მამაკაცს აკისრებენ. მათი მტკიცებით, ბრალდებულმა გოგონასთან სექსუალური კავშირი დაამყარა და თვითმკვლელობის საბაბიც ეს გახდა.

23 წლის მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან მისი მშობლები. "კურიერთან" ბრალდებულის მამა ყვება, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ის გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია.

14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატი კონკრეტული უწყებების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას გეგმავს. გოგონას თვითმკვლელობა სამოქალაქო სექტორის ახალი კამპანიის დაწყების მიზეზიც გახდა.

14 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. რამ მიიყვანა არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დღის ამბები