შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, შემოსავლების სამსახურთან მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.ვ., ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს - 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა თ.ვ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.