რა ჩვენება მისცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 14 წლის გოგომ პოლიციას - გოგონას ჩვენებას, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, "პრაიმტაიმი" ავრცელებს. საუბარია 3 ჩვენებაზე. ირკვევა რომ დაკითხვის დროს, გოგონას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. გამომძიებლის კითხვაზე, საიდან მიიღო მან დაზიანება, არასრულწლოვანმა გამომძიებელს უთხრა, რომ სახლში შემთხვევით კედელს შეეჯახა. ამ საქმეზე დაკავებულის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ გოგონა ოჯახის წევრების ზეწოლით დაზიანებების რეალურ მიზეზებს მალავდა. როგორც ჩვენებაში 14 წლის გოგო ამბობს, არასრულწლოვანს სქესობრივი კავშირი ძალადობით არ ჰქონია.
"აღნიშნული დაზიანება მივიღე ჩემს საცხოვრებელ სახლში, შემთხვევით შევეჯახე კედელს. სწორედ აღნიშნულით არის გამოწვეული დაზიანება. განგიმარტავთ, რომ აღნიშნული დაზიანება მიღებულია ნ.ტ.-სთან სქესობრივი კავშირის დამყარებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2020 წლის დეკემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს," - აცხადებდა არასრულწლოვანი ჩვენებაში.
აღნიშნულ ჩვენებას სკეპტიკურად აფასებს მერი რომანაძე. ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობაზე, "კურიერთან" კიდევ ერთხელ საუბრობს დაღუპულის დედა, რომელიც თავად თურქეთში იმყოფებოდა და სამშობლოში შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. მისი თქმით, გარდაცვლილი ქმრის ნათესავებმა გოგოს სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც მოზარდმა თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"მამამთილს მხოლოდ სახეში გაურტყამს ხელი, ამირანს, მის ბიძას, ზურგში ჩაურტყამს ხელი. ტარიელს მერე გაუგია, მანამდე არ უთხრეს, რომ მოუსწრია მაგ მომენტში მამაკაცები არ იყვნენ, სამსახურში იყვნენ წასული, მხოლოდ ქალები იყვნენ სახლში. რომ ჩაუსწრო, სულ წიხლქვეშ იგორა, ცემაო, ძლივს გამოართვეს. ისიც უთხრეს, ხომ გაფრთხილებული ვართ პოლიციის მიერ, როგორ აკარებ ხელსო."
კითხვაზე, მიმართა თუ არა დედამ დასახმარებლად პოლიციას, მერი რომანაძე პასუხობს:
"თურქეთიდან ვის მივმართავდი?!ბიჭის მიმართ - მიყვარდაო, არასოდეს უთქვამს ჩემთვის. მითხრა, რომ გამასულელა და ისე გამაუპატიურაო."
14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი მისმა პაპამ იპოვა.
თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.