რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას, შედეგად კი პატიმრების გარდაცვალების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება:
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას," - ნათქვამია განცხადებაში.
მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დაპირისპირების და პატიმრების გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.
"გარკვეული ადამიანები უსაფუძვლოდ თხზავენ ფაქტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამ გზით საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისთვის, მათ შორის არაერთხელ გვიხილავს ასეთი მიზანმიმართული კამპანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ადამიანების და ოჯახების მდგომარეობა, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში, მსჯავრდებულების და სამსახურის თანამშრომელთა ახლობლებისთვის ასეთი ცრუ ინფორმაციის სრულიად გადაუმოწმებლად მიწოდება ძალზე სახიფათოა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს თემებს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.