აქცია მცხეთაში - მოთხოვნა 6 წლის წინ ქალაქში გამოცხადებული მორატორიუმის მოხსნა და გენერალური გეგმის პროექტის შეცვლაა.
2015 წლიდან მცხეთაში ყველანაირი სახის მშენებლობა აიკრძალა. მოსახლეობა საკუთარ მიწებზე ვერც სახელებს აშენებს, ვერც სახურავს ცვლის და ვერც გარე სარემონტო სამუშაოებს ატარებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა, არ არის ასახული მოსახლეობის ინტერესები, ქალაქს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება, რაც მათ მშენებლობის ყველანაირ უფლებას უზღუდავს. ჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები, ეს ყველაფერი კი მათ ეჭვებს უჩენს, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული პირების ინტერესები დგას.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასთან ერთად ქუჩაში ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი გამოვიდნენ. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ მონაწილე მხარეები დოკუმენტის შექმნისას მოსახლეობის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, ეს დოკუმენტი ქალაქს არ გამოადგება.
"ამ დოკუმენტში ძირითადად იკითხება მხოლოდ ქალაქის შემოგარენში ბიზნეს პროექტის განვითარება და თითქოს ხელოვნურად კონტროლი ტურისტული მარშრუტების. რა თქმა უნდა, ეს ქალაქისთვის და მოქალაქეებისთვის მიუღებელია, რომლებიც საკუთარ თავს და ქალაქს ამ დოკუმენტში ვერ პოულობენ. თუ მონაწილე მხარეები მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იმოქმედებენ და ასე შექმნიან დოკუმენტს, ის ქალაქს არ გამოადგება და გამოიწვევს მოქალაქეების საფუძვლიან და დამსახურებულ პროტესტს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე აცხადებს, ამდენი ხნის განმავლობაში შესაძლებელი იყო გეოლოგიური კვლევების დასკვნების ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ სად არის შესაძლებელი რომ ყოფილიყო განაშენიანება და სად არა.
დღეს კიდევ ერთხელ დასახელდა ალავერდელი მიტროპოლიტის სახელი, თავად მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებაზე საუბრობს. მცხეთის მორატორიუმის შესახებ ექსკლუზიური რეპორტაჟი "კურიერში" გუშინ გავიდა.
"ჩვენ არანაირი ბიზნესი არა გვაქვს, ერთ მინდა იცოდეს ყველამ, რომ ჩემი შენ გითხარიო - იმათ აქვთ ეს ბიზნეს ინტერესები, ვინც ამას ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილი არის, რომ სულიერი დედაქალაქი მცხეთა - იყოს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოვლილი, განვითარებული, თავისი მემკვიდრეობის დამცავი ქალაქი და მოქალაქე," - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი (მახარაძე).