17 სექტემბერი 2026,   05:05
ვრცლად
24 თებერვალს რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებია ჩანიშნული - ვეტერანი მორაგბეები გამაფრთხილებელ აქციას გეგმავენ

სულ უფრო ნაკლები დრო რჩება იქამდე, ვიდრე რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. 24 თებერვალს განმეორებითი არჩევნებია ჩანიშნული. ცოტა ხნის წინ ვეტერანმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ბოლო პერიოდში ქართულ რაგბიში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათი თქმით, რაგბის კავშირს უკვე ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძის სახით. ვეტერანი მორაგბეები გამაფრთხილებელ აქციასაც გეგმავენ.

"იქნება ერთსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია, ჩვენ არც არასამთავრობოები ვართ და არც პოლიტიკოსები, ვართ სპორტსმენები, უფლებაშელახული, გამწარებულები, არჩევნების წართმევა უნდათ ჩვენთვის, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით. შემოგდება უნდათ, ასეთი პიროვნებაა - ტყემალაძე. მე მას არ ვიცნობ და ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს.

ახლა შეცვალეს ტაქტიკა, დადიან გუნდებთან და შანტაჟის მაგივრად ენატკბილი საუბრით. პირდაპირ ვიტყვი გუნდების მოსყიდვა. იძახიან ისეთ კოლოსალურ თანხებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში თვით ივანიშვილსაც არ ჩაუდია,"- აცხადებს რაგბის კლუბ "ლოკომოტივის" წარმომადგენელი ბობა კვინიხიძე.

რაგბის კლუბის წარმომადგენელი გიორგი ზამბახიძე ამბობს, რომ ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ რამდენიმე ადამიანი მოქმედებს, რომლებსაც ძალაუფლების დაკარგვა არ უნდათ. მისი თქმით, არასწორია გამგეობის გადაწყვეტილებაც, რომ კანდიდატებს დარეგისტრირება არჩევნების წინა დღესაც კი შეუძლიათ. ზამბახიძის შეფასებით, ასეთი ვადები არასაკმარისია კანდიდატების საარჩევნო პროგრამის წარსადგენად და მათი სათანადოდ გაცნობისთვის.

შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს, თუმცა ის საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, მიზეზად დასახელდა ის, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები