19 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
საბოლოო ჯამში მაინც გავხსნი - ზურაბ ჯაფარიძეს ბარ "ჯაფარასთან" სამართალდამცავები არ უშვებენ

ქვეყანაში ამ დრომდე არსებულ შეზღუდვებს ისევ აპროტესტებენ - გრძელდება დაუმორჩილებლობის აქციებიც და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ერთ-ერთია ზურაბ ჯაფარიძეც, რომლის გახსნილი ბარი "ჯაფარასთან" უკვე დალუქულია.

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძეის თქმით, ბართან სამართალდამცავები ამ დრომდე არიან მობილიზებულები და მას ბართან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ბარს ლუქს მაინც ახსნის.

"დილით მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დალუქეს ბარი. მე მოვედი, რომ გამეხსნა ბარი, ლუქი უნდა ამეხსნა, რაც ასევე დარღვევა არის, მაგრამ მიზანმიმართულად ვაკეთებდი ამას და ამ წუთებში აქ დგას პოლიციის კორდონი, რომელიც არ მიშვებს ბარამდე. მეუბნება, რომ კანონის დარღვევის შესაძლებლობას არ მომცემენ. ეგეთი რამე მე არ მსმენია. წესით მე უნდა მქონდეს საშუალება მივიდე ჩემს ბარში, ავხსნა ლუქი. ავხსნი ლუქს, დავარღვევ კანონს და მერე უნდა გაატარონ შესაბამისი ზომები და ესენი პრევენციულად არ მაკარებენ ბარს.

ველოდები ცოტა ხანი, მერე წავალ, ისევ მოვალ და ვნახავ იქნებიან, თუ არა, მაინტერესებს ვინ უფრო გამძლე იქნება მე თუ ისინი, საბოლოო ჯამში მაინც გავხსნი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრის ანა ჩიქოვანის განმარტებით, ამდენი ადამიანის უშემოსავლოდ დატოვება უსამართლობაა.

"უსამართლობაა ამდენი ადამიანის უშემოსავლოდ ამდენი ხნის განმავლობაში დატოვება, როცა მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალი. ახლა როცა გაიხსნა სივრცეები, 8 საათი იმუშავებენ და შაბათ-კვირას დაკეტილები იქნებიან, ანუ სინამდვილეში დაგვცინის მთავრობა. ორი დანიშნულება გვქონდა: ერთი ის, რომ დაგვერღვია ეს შეზღუდვები და მეორე ის, რომ ზურაბ ჯაფარიძემ ამ კანონდარღვევით მოუწოდა მთავრობას, რომ მას მანდატი შეუჩერონ, ველოდებით, თუმცა როგორც ჩანს არ აძლევენ ამის უფლებას იმიტომ, რომ პრევენცია მოახდინეს ამ კანონდარღვევის და არ უშვებენ, რომ ლუქი მოხსნას," - აცხადებს ანა ჩიქოვანი.

ბარ "ჯაფარასთან"-ის ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით ჩატარდა. ბარის ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ გამოძიება კარანტინის წესის დარღვევას ედავება. ბარის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.

დღის ამბები