დე ფაქტო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ზაზა გახელაძე არ ასაჩივრებს. ძალაში რჩება გატაცებულისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს ვერდიქტიც. 12 წლით და 6 თვით პატიმრობამისჯილი ქართველი ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობის უკვე მეშვიდე თვეს ითვლის.
ზაზა გახელაძის გადაწყვეტილება ოჯახმა დილით შეიტყო. ოკუპირებული ცხინვალიდან ადვოკატის სატელეფონო ზარი და რამდენიმე წერილი ოჯახსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ერთადერთი ფორმაა. ზუსტი მიზეზი, რატომ ამბობს ქართველი ტყვე უარს უკანონო განაჩენის გასაჩივრებაზე, უცნობია. ოჯახი ოკუპაციის მძიმე შედეგზე საუბრობს.
5 თებერვალს გახელაძისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უსამართლოა ოჯახის ახლობლების და მეზობლებისთვისაც. სოფელ ქვემო ჭალის მაცხოვრებლები სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და დახმარებას ითხოვენ.
უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ უკანონო პატიმრების ოჯახებში დასაბრუნებლად ყველა ბერკეტი გააქტიურებულია.