ნიკა მელიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სწორედ მეორე ინსტანციაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ძალაში ნინო ჩახნაშვილის პოზიცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის პატიმრობის გამოყენება ერთადერთი პროპორციული ღონისძიებაა.
ამ წუთებში იურისტები იმყოფებიან რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მე-12-ე დაწესებულებაში.
ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლებრივ საფუძვლებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"გადაწვეტილებას, ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში თუ არა, უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი თუ არასაპატიმრო, უნდა იყოს სასჯელი მკაცრი თუ მსუბუქი, ამას იღებს არა სასამართლო და პროკურატურა, არამედ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ამას არც მალავენ და ამასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამაზე საუბრობს არა მარტო დაცვის მხარე, არამედ მთელი მსოფლიო. არავის არ აქვს ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლე გადაწყვეტს ნიკა მელიას პატიმრობა კანონიერია თუ უკანონო,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ხვალ დღის ბოლომდე უნდა გააცნონ პოზიცია მათ საჩივართან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, არსებობს რამდენიმე ალტერნატივა.
"ერთი - შესაძლებელია, დააკმაყოფილოს სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივარი, რაც ნიშნავს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას, მეორე - ჩვენ სააპელაციო სასამართლოს ვთხოვეთ, რომ თუ მას მიაჩნია, რომ ვერ გამოიყენებს კონსტიტუციას და აუცილებლად უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობა, მაშინ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებით და მესამე - უარი გვითხრას საჩივრის მიღებაზე,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.