26 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა - შეზღუდვის მოხსნა შეეხო როგორც სამარშუტო ტაქსებსა და ავტობუსებს, ასევე რკინიგზას

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა - მოქალაქეებს რეგიონების მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობა დილიდან მიეცათ. შეზღუდვის მოხსნა შეეხო როგორც სამარშუტო ტაქსებსა და ავტობუსებს, ასევე რკინიგზას.

მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან გაუჭირდათ გასული 3 თვის განმავლობაში ამ პერიოდის გადატანა, თუმცა დღეს კმაყოფილები არიან, რომ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა და ეს მხოლოდ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში არის მგზავრებისთვის, რომლებსაც საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ ქალაქებში ტაქსებით გადაადგილება, ახლა კი მინიმუმ ნახევარ ფასად შეძლებენ მგზავრობას.

ფასები სხვადასხვა მიმართულებით მცირედით მომატებულია - 2-3 ლარით და ამას გარკვეულწილად კრიზისითაც ხსნიან.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს და დაწესებულ სტანდარტებს, აქ გარკვეული ზომები არის მიღებული - დამონტაჟებულია სპეციალური კაბინები, სადაც მგზავრები დეზინფექციას გადიან. 

მგზავრობისას ბუნებრივია იცავენ დადგენილ სტანდარტს მგზავრების რაოდენობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ მგზავრს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე.

მძღოლების ნაწილის განცხადებით, დილიდან ცუდი ამინდის და თოვლის გამო გადაადგილების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. მათი თქმით, შესაძლოა ეს განპირობებულია იმით, რომ მხოლოდ 1 დღით ადრე შეიტყვეს როგორც მძღოლებმა, ასევე მგზავრებმა იმის შესახებ, რომ საქალაქთაშორისო მოძრაობა დღეიდან აღდგებოდა, თუმცა იმედოვნებენ, რომ თანდათან ჩვეული მუშაობის რეჟიმს დაუბრუნდებიან.

მგზავრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ გადაადგილება ბევრად შეუმსუბუქდათ.

დღის ამბები