19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროცესის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილეა - თამარ გაბუნია

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხზე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის და აღნიშნავს, რომ  პროცედურას წარმართავს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

რაც შეეხება ამირან გამყრელიძისა და ეკატერინე ტიკარაძის დაპირისპირებას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ვერანაირ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ დაადასტურებს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ამ პროცესის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილე. როგორც მოგეხსენებათ შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს, ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობს როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები.

ეს არის საბჭო, სადაც განიხილება ყველა მექანიზმი თუ რა გზით შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს ვაქცინა და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების დონეზე ჯანდაცვის სამინისტროში არის კიდევ ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს უკვე შესყიდვის პროცედურებს.

ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი-კონსტრუქციული  ურთიერთობა, ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები