17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
არის თუ არა რეალური ვადამდელ არჩევნებზე პლებისციტის ჩატარება - მიხეილ სააკაშვილი ხალხის აზრის გამოკითხვის წინააღმდეგია

ქართულ პოლიტიკაში პლებისციტის თემა გააქტიურდა - რამდენად რეალურია, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ხალხის ხმით გადაწყდეს.

ნიკა მელიას, რომელიც 10 დღეა საპატიმროშია, თანაგუნდელებმა და მხარდამჭერებმა თანადგომა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან უკვე მეორედ გამოუცხადეს. სოლიდარობის აქცია დღესაც რესპუბლიკის მოედნიდან სამანქანო მსვლელობით დაიწყო. საყვირებით და დროშებით რუსთავში ჩასულებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს უთხრეს, რომ ის მარტო არ არის და რომ საპროტესტო აქციებს ისევ განაგრძობენ.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მოთხოვნაც. საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციონერი ლიდერის საპატიმროდან გამოშვებასთან ერთად კრიზისის დაძლევის აუცილებელი პირობები დიპლომატების მედიაციით მოლაპარაკების გაგრძელება და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგში დაყენებაა.

კრიზისი რომ დიალოგის გარეშე ვერ დაიძლევა, ოპოზიციას აქციის ფონზე საკანონმდებლო ორგანოდან შეახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს უთხრა, რომ სიტუაციის დეესკალაციას საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა განაპირობებს.

პოლიტიკური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებს ოპოზიციაც, რომელიც განმარტავს, რომ ამისთვის მათ პროტესტის ფორმებიც შეარბილეს. იმავდროულად აცხადებენ, რომ მოლაპარაკების პროცესს ნიკა მელიას ფაქტორი განაპირობებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ვითარების განმუხტვის ვალდებულება, პირველ რიგში, მმართველ გუნდს აკისრია.

პარტიების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ რიგგარეშე არჩვენების საკითხზე კომპრომისულ ნაბიჯად "ოცნებას" პლებისციტის ჩატარებასაც სთავაზობენ. თუმცა დღეს სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა და ოპოზიცის მოუწოდა, არ დათანხმდნენ პლებისციტის მოდელს.

დღის ამბები