9-თვიანი სასამართლო განხილვის შედეგ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 3 საათზე დაიწყება. უცნობია, ხვალვე დაენიშნებათ თუ არა სასჯელი მკვლელობაში ბრალდებულ პირებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა აცხადებს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელის.
"ობიექტური სასამართლოსგან მაქვს მოლოდინი, რომ იქნება 100%-ით გამამართლებელი განაჩენი. თუმცა არსებობს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რის გამოც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, მოსამართლე იყოს გაყიდული, მას ჰქონდეს მიღებული ბრძანება, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ შემდეგ საზოგადოებაში არ შეიქმნას აზრი, რომ პროკურატურამ ვერ გამოიძია საქმე და არ გამოიწვიოს მათი იმიჯის დაზიანება."-აღნიშნა ბრალდებულის ძმამ.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები დაგორებას არ უკავშირდება და ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.
"საზოგადოებამ ნახა, ეს პირები როგორ გადმოდიან მანქანებიდან, მისდევენ ბავშვებს. ექსპერტიზებით დადგენილია, რომ გიორგის მიყენებული აქვს მინიმუმ 16 დაზიანება, რომელიც არ უკავშირდება არც დაგორებას, არც წყალში ჩავარდნას, არც გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, უკავშირდება მხოლოდ ფიზიკური დაზიანების მიყენებას.
ასევე, არის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ბოლო წამს იყვნენ გიორგისთან ერთად და რომლებიც, ასევე, გახდნენ ერთგვარი მსხვერპლი ამ გამოდევნების და არის მათი ჩვენებები,"-აღნიშნა ნიკოლაძემ.