20 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
თეოლოგები მიტროპოლიტ სტეფანეს სასულიერო ​პირების "მოთვინიერების" მცდელობაში ადანაშაულებენ საპატრიარქოს კი საეკლესიო კრიზისის ხელშეწყობაში

ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს თეოლოგები აფასებენ. მათი განმარტებით, მიტროპოლიტი სტეფანე ყოველთვის გამოირჩევა დესტრუქციული ქმედებებით და ის ძალის დემონსტრირებით ცდილობს დაიმორჩილოს ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები და მრევლი.

"მეუფე სტეფანე არის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა. იგი გამოირჩევა აგრესიითა და ძალმომრეობით. ეს არ არის პირველი შემთხვევა მისი პრაქტიკაში. იგი ჩავიდა დასასჯელად და ეპარქიაში "წესრიგის დასამყარებლად" იმისათვის, რომ მოეთვინიერებინა ყველა სასულიერო პირი და საკუთარ ყაიდასა და განწყობაზე გადაეყვანა ისინი, რაც, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა. ეს მთლიანობაში მეტყველებს საეკლესიო კრიზისის ძალიან ღრმა და მძიმე მოცემულობაზე, რომელსაც კულტივაციას უწევს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნო," - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

თეოლოგები ასევე საქართველოს საპატრიარქოს ბრალეულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საეკლესიო კრიზისი სწორედ მათმა ქმედებებმა გამოიწვია.

"სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეპისკოპოსი ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და იქცევა ძალიან მიუღებლად ქრისტიანული მორალისთვის და ეპისკოპოსის სახისთვის. ეს ძალიან სამწუხაროა. პოლიციური რეჟიმი და ძალადობა ვერასოდეს იქნება სწორი პასუხი ეკლესიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ, ეპისკოპოსს ურჩევნია ხალხთან მორიგების გზით გადაწყვიტოს ეს საკითხი," - აღნიშნავს თეოლოგი ლადო ნარსია. 

დღის ამბები