ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტ სტეფანეს სასულიერო პირები კვლავ აკრიტიკებენ. "კურიერი" ადგილობრივი ეპარქიის რამდენიმე სამღვდელო პირს ესაუბრა.
ერთ-ერთი ეს არის პეტრე ღუდუშაური, რომელსაც ჭყონდიდის ამჟამინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურებაში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ეს ერთ-ერთია იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი აპროტესტებდა. ისინი მოითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია დატოვოს.
ასევე სასულიერო პირების ნაწილი მოითხოვს, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეკლესიამ სათანადო მსჯელობა დაიწყოს და გამოძიების შემდეგ დამნაშავე დაისაჯოს. მათი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დაუბრუნდეს.
"დააბრუნონ მეუფე პეტრე ჩვენთან ისევ და როცა გაირკვევა ვინ არის მტყუანი და მართალი ამის შემდეგ დაისაჯოს ადამიანი. ახლა უკანონოდ ჰყავთ დასჯილი.
მეუფე სტეფანემ დაგვიბარა, გვესაუბრა და მოგვთხოვა მსახურება მასთან და მორჩილება. ვუთხარი, რომ კითხვები მაქვს რამდენიმე და პასუხების შემდეგ გეტყვი დაგემორჩილები თუ არა იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ აქ კანონიერად დანიშნული და მეუფე იქნა უკანონოდ აქედან გაშვებული. რამდენს ლაპარაკობო, ვუთხარი - აბა მონა ხომ არ ვარ დაგემორჩილო, ჯერ უნდა დააკმაყოფილო პასუხი. ნუ უზრდელობო ასე მომმართავდა," – აცხადებს წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძრის დიაკვანი პეტრე ღუდუშაური.
წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უკანონოდ არის დასჯილი, რამაც სასულიერო პირებს შორის გამოწვევა გამოიწვია.
"იგივე პოზიციაზე ვრჩები. გამოწვევა გამოიწვია ჯერ ერთი და მეუფე პეტრეს უკანონო დასჯამ. იმედის თვალით შევცქეროდით, რომ ვიღაცა ნორმალურს გამოუშვებდნენ, ან თვითონ ეყოფოდათ საპატრიარქოში იმის გონება, რომ ეს თემა გადაწყვიტონ. გლობალური პრობლემაა ეს და არ არის ერთი პიროვნების.
მოვიდა გრიგოლი - უნიათო აღმოჩნდა, მოვიდა ეს და ესეც უნიათო აღმოჩნდა, რაღაც გონორით და დასჯის პრინციპით მოვიდა, ასე არ გამოუვათ.
60 მღვდლიდან ათმა მღვდელმა მოაწერა ხელი, რომ გაირკვეს ეს საკითხი. დაღუპულია ჩვენი ქვეყანა, სამღვდელოება სამღვდელოებას არ ჰგავს," - აცხადებს წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი.