19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადებიან

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებისთვის ემზადებიან. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

"სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში. აღნიშნული ქმედებისთვის ა.გ-ს, ნ.რ-ს, ვ.ჩ-ს, ა.ქ-ს, ზ.ხ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით. რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. სასამართლომ ა.გ-ს, ვ.ჩ-ს და ნ.რ-ს სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აცხადებს პროკურორი, დავით ყაზარაშვილი.

8 თვიანი სასამართლო პროცესების დასასრულს ვერდიქტი მოსამართლემ გუშინ გამოაცხადა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მოხდა დაპირისპირება ერთ-ერთ ადვოკატსა და შაქარაშვილის ბიძას შორისაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. რაც შეეხება ორ არასრულწლოვანს - მათი განაჩენი ერთ კვირაში გამოცხადდება.

 

დღის ამბები