19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
პროკურატურა ამბობს ტყუილს, როდესაც გვეუბნება, თითქოს არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი - ნოდარ მელაძე

"TV პირველი" კომპანიაში შესაძლო შეჭრისა და მაუწყებლობისთვის ხელშეშლის საფრთხეზე საუბრობს. მიზეზი სასამართლოს განჩინებაა, სადაც წერია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. "TV პირველი" მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა არ აპირებს იმ ელექტრონული მოწყობილობის გადაცემას, რომელზეც ჩანაწერი იყო დატანილი. ადვოკატის განმარტებით ასეთი მოწყობილობა კომპანიის ოფისში არ არის.

"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, პროკურატურა ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს არ არსებობდა ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად აუდიომასალის მოპოვების სხვა სამართლებრივი ბერკეტი.

"პროკურატურას ნებისმიერ წუთს შეუძლია მოსამართლის ამ განჩინების საფუძველზე შემოვიდეს ტელეკომპანია პირველში და განახორციელოს იძულებითი  პროპორციული ზომების გამოყენებით მათთვის სასურველი მასალის ამოღება. პროკურატურა ამბობს ტყუილს, როდესაც გვეუბნება, თითქოს არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების ავთენტიკურობის დასადგენად აუდიომასალის მოპოვება. აქ საერთოდ არაა საუბარი, რომ მათი განზრახვა იყო ჩვენს ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟის ფარგლებში გასული ჩანაწერის ავთენტიკურობის დადგენა," - აცხადებს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც ტვ პირველის ეთერში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარია ასახული.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.   
იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან"  იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.

დღის ამბები