საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა, "TV პირველის" უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
"ჩვენ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით მოვითხოვეთ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება და იმედია სააპელაციო სასამართლო ამ არგუმენტს გაითვალისწინებს და საქმეს განიხილავს. იმედია პასუხი იქნება ისეთი, რომელიც დაასრულებს ამ უკანონო განჩინების მოქმედებას," - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლების განზრახვა ტელევიზიაში შეჭრა არ ყოფილა, ამის დამტკიცება მათ სასამართლოს განჩინების გაუქმებით შეუძლიათ:
"თუ საქართველოს ხელისუფლების და თბილისის საქალაქო სასამართლოს განზრახვა არ ყოფილა ტელევიზიაში შემოჭრა, მათ აქვთ საშუალება ეს დაგვიმტკიცონ, გააუქმონ მათივე მოსამართლის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სააპელაციო ინსტანციაში ჩვენი საჩივარი უკვე შესულია. დაგვიმტკიცონ, რომ ტელევიზიაში არ უნდათ შემოჭრა და გააუქმონ განჩინება, რომელიც გუშინ უკანონოდ გამოწერეს," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
შეგახსენებთ, "TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარი იყო ასახული და საუბრის თემა იყო არასასურველი კომენტარის გამო გარკვეული პირების დასჯა.
პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.
განჩინების იმ ნაწილმა, სადაც საუბარია იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, პროტესტი გამოიწვია და მედიაზე მოსალოდნელ შეტევად შეფასდა.