დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში.
მისივე თქმით, ვაქცინაცია იცავს ისეთი დავადებებისგან, როგორიც არის კიბო, ყვავილი, წითელა, პოლიომიელიტი და ა.შ.
"ვაქცინაციაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია. ვაქცინაციამ იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ იხსნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ვაქცინაციამ დაასრულა ყველაზე უფრო ვერაგი და მძიმე დაავადება - ყვავილი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა და ვაქცინაცია ასრულებს პოლიომიელიტს - ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებას, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაასახიჩრა და დააინვალიდა. დღეს ეს დაავადება დარჩენილია მხოლოდ ორ ქვეყანაში.
ვაქცინაცია დაამარცხებს 100%-ით სასიკვდილო დაავადებას - ეს გახლავთ ცოფი. ცოფის პრევენციის არავითარი გზა არ არსებობს, გარდა ვაქცინაციისა. ვაქცინაცია დაამარცხებს ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებას ბავშვებში, წითელას, რომელიც ყოველწლიურად იწირავდა ნახევარი მილიონი ბავშვის სიცოცხლეს. ეს მაჩვენებელი დღეს ჩამოსულია 100 000-ის ქვემოთ, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა. ვაქცინაცია ამარცხებს კიბოს რამდენიმე სახეობას. B ჰეპატიტის ვაქცინაცია ამარცხებს და ამცირებს ღვიძლის კიბოს, ხოლო პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია დაამარცხებს ქალებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კიბოს სახეობას - საშვილოსნოს ყელის კიბოს.
ამიტომ, ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ინფექციური დაავადებების და უკვე არამარტო ინფექციურების, რადგან კიბო არ წარმოადგენს ასეთ დაავადებას, ჯერჯერობით, კაცობრიობამ ვერ მოიგონა. ამიტომ, კოვიდსაც დაამარცხებს ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე,"-აცხადებს გამყრელიძე.