06 სექტემბერი 2026,   06:48
ვრცლად
"საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა?!" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალების შესწავლა დაიწყო

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატს უკვე გადაეცა საქმის მასალები. საუბარია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დოკუმენტაციაზე. ანალოგიურ პროცედურას სამართალდამცველები და ოჯახი ელოდებიან ახალციხიდანაც.

ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი ექთნის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.

ოჯახი, ასევე, ითხოვს გამოიკვლიონ, რა პრეპარატები დაუნიშნეს 27 წლის ექთანს ვაქცინაციამდე. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებს ალტერნატიული ექსპერტიზაც შეისწავლის.

"გადმოგვეცა თბილისის საგამოძიებო უწყებაში არსებული მასალები. ჯერჯერობით, ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია. დარგის ექსპერტები შეისწავლიან და კონკრეტულად ამ სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებით მეტს გეტყვით და დაგიზუსტებთ.

ოჯახს აქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს შეეხება, პირველ რიგში, საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა? რამდენად სწორად მოხდა უკუეფექტების მართვა და რამდენად დროული იყო ეს მართვა," - აღნიშნა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

დღის ამბები