03 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
"მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, მაგრამ არა ცრუპენტელა ადამიანებისგან" - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები, რომელთა ნაწილს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება აუკრძალა, აცხადებენ, რომ მიტროპოლიტის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ეპისკოპოსის ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან და პეტრე ცაავას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დასაბუთებას ითხოვენ.

"მეუფემ როცა ბრალდება წაუყენა მეუფეს, უნდა დაამტკიცოს. ეს მის ღირსებაში შედის და როგორც მამათა სჯულის კანონში არის, ეპისკოპოსი უნდა იყოს მისაბაძი ერისათვის. ადამიანი, რომელიც ჭორის დონეზე რაღაცას წამოაყრანტალებს, მერე მისი დამტკიცება არ უნდა და არ ცდილობს ამას, ეს მიუღებელია. მე ცრუ ადამიანებს არ ვემორჩილები, ეპისკოპოსი კი არა, ვინც არ უნდა იყოს," – აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიონ, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დასასჯელი დაისაჯოს.

"ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეს იქნას გამოძიებული, სახელი დარქმეული, ვინც დასასჯელია - დაისაჯოს და დამსაჯეთ ბატონო პირადად მეც, თუ რამე ტყუილი და არასწორი ვთქვი მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, მაგრამ არა იმ ცრუპენტელა და სიტყვის მთქმელი ადამიანებისგან, რომელიც მერე ამბობს, რომ მე ამ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებო. როგორ უნდა დავემორჩილო ცრუს და მატყუარას," - აცხადებს მღვდელმსახური.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას ცრუ უწოდა და ეპარქიაში ამბოხის მოწყობაში ადანაშაულებს.

საერო პირებს, ბერებისა და მონაზვნების ნაწილს, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანე ამბოხის მოწყობასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებს, მან დღეს ზიარების უფლება აუკრძალა, ნაწილს კი მოსანანიებლად კიდევ ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბაშაში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

დღის ამბები