საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება. მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა შემოვა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ.
"კვირის ბოლოს ჩვენ უკვე ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის შემოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც იცით, რომ ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი. ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას, თუ დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით," – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.