ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განცხადებით, საჭიროა დამატებითი გამოძიება, COVID-19-ის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ BBC წერს.
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მიზეზი იყო, საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება.
WHO-მ სამშაბათს ორგანიზაციის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ჩინეთში, უჰანში ვიზიტის ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას "უკიდურესად ნაკლებ" სავარაუდო უწოდა.
"ჯგუფმა ასევე მოინახულა რამდენიმე ლაბორატორია უჰანში და განიხილეს იმის ალბათობა, რომ ვირუსი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად მოხვდა ადამიანებში, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს შეფასება საკმარისად ყოვლისმომცველი იყოს და უფრო საიმედო დასკვნებისთვის საჭიროა დამატებითი მონაცემები და კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის დასკვნით, ლაბორატორიიდან გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, ის მაინც ითხოვს შემდგომ გამოძიებას, შესაძლებელია, დამატებითი მისიებითაც, რომელშიც მონაწილეობას სპეციალური ექსპერტები მიიღებენ, რომელთა მისავლენადაც მზად ვარ.
ვირუსის წარმოშობის აღმოჩენას დრო სჭირდება და ჩვენ მთელი მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, ვიპოვოთ წყარო იმისთვის, რომ შევძლოთ კოლექტიურად მივიღოთ ზომები, ამ ვირუსის გამეორების რისკის შესამცირებლად. არცერთ კვლევით მივლინებას არ შეუძლია ყველა პასუხის მოცემა - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ჩინეთი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ვერ უზრუნველყო ჯანმოსთვის საკმარისი მონაცემები მიეწოდებინა. ბრალდებებს ვირუსის გაჟონვის შესახებ პეკინი ყოველთვის უარყოფდა.