ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდა.
მოსამართლეს შუამდგომლობით დღეს დაცვის მხარემ მიმართა და საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასების დართვა მოსთხოვა, თუმცა, მოსამართლემ გვარამიას ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კომენტარი გააკეთა "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
"რეალურად ვიყავი მოსული იმიტომ, რომ მეშუამდგომლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნის დართვის შესახებ. სამწუხაროდ, ამაზე უარი მივიღე. კიდევ არის ორი დასკვნა ამ საქმეში. ასევე ორივე არაჩვეულებრივი - ადამიანის უფლებათა ცენტრის და რაც მთავარია, სახალხო დამცველის, რომელიც ახლა მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურორის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება დარღვევით იყო წარმოდგენილი.
"მხარემ წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება ნიკა გვარამიას და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გარკვეული პროცესუალური დარღვევით იქნა წარმოდგენილი და შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შესაბამისად, ეს მოსაზრება არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს," - აღნიშნა პროკურორმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. საუბარია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.