ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გახსნილი კიდევ ერთი ახალი ქართული საწარმო "კომპავა ჯორჯია" დაათვალიერა.
"კომპავა ჯორჯია" ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი პროტეინების და სხვა საკვები დანამატების საწარმო თბილისში, ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა. სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შპს "კომპავა ჯორჯიამ" სრულიად ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა.
კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს. პროდუქტის დაფასოება 300 გრამიდან 5 კგ-მდე ქილებში ხდება, წარმოების მოცულობა კი წლიურად 40 ტონა საკვები დანამატია.
საწარმო ასევე სარგებლობს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ქონების კომპონენტით, რაც მეწარმისთვის გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას გულისხმობს.