ლილოში, 8 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის აფეთქება მოხდა, მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. სპეციალურმა სამსახურებმა დასკვნა დღის მეორე ნახევარში დადეს.
ისნის გამგებლის ინფორმაციით, ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებებისა და საექსპერტო დასკვნებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად ნაგებობა არ დაზიანებულა და ის საცხოვრებლად უსაფრთხოა.
"ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, მოხდა საექსპერტო დასკვნები, როგორც კრიმინალური პოლიციის მიერ, ასევე იყო ჩართული მუნიციპალიტეტის ლაბორატორია, რომელმაც შეამოწმა კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ კორპუსს არანაირი საშიშროება არ აქვს, საცხოვრებლად უსაფრთხო არის და მოხდა მოსახლეობის შეშვება. ჩართული არის ყველა კომუნიკაცია, მიეწოდება კორპუსს. ერთადერთი, იმ სადარბაზოს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და დღეს დღის განმავლობაში იქნება აღდგენა," - განაცხადა ისნის გამგებელმა კახა სამხარაძემ.
აფეთქება ლილოს დასახლებაში გუშინ მოხდა. შემთხვევას 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნებრივი აირის აფეთქების დროს ტალღამ კედელი დაანგრია და პენსიონერი ქალი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო.
ავტორი: თამარ თათარაშვილი