ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა, ვარაუდობს, რომ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ექიმის ვიოლეტა ინასარიძეს შესაძლოა, ჩვენების შეცვლა დაავალეს და ამით კლინიკა "იმედის" გადარჩენას ცდილობენ.
"წყალი საერთოდ სათავედან იღვრება. შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს და უთხრეს, რომ ასე უნდა ეთქვა. აბა მაშინ თუ იქ იყო, მერე როგორ შეცვალა ჩვენება და თქვა, იქ არ ვიყავიო. ამ ჩვენების შეცვლით ალბათ კლინიკას გადაარჩენენ. მე მინდა რომ სიმართლე დადგინდეს და არა ის, რომ ვიღაცას მიაკერონ ბრალდება და იმით სხვა დაადანაშაულონ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წელს მისცემენ, ჩემი შვილისთვის ეგ არ იქნება შველა,"- აცხადებს მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე.
გარდაცვლილი მედდის საქმეზე დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთის, თეა გზირიშვილის დედას ასევე ვარაუდობს, რომ ჩვენება მის შვილსაც შეაცვლევინეს.
"ჩემი შვილი არის ექთანი, იმ გოგოსთვის ექიმებს უნდა ეშველათ. ალბათ, ჩემს შვილს დაავალეს ასე თქვიო და იმანაც თქვა. სახლში არაფერი უთქვამს, თორემ ხომ დავარიგებდი არაფერი თქვათქო. როგორც იყო, ისე ვთქვიო მე ასე მითხრა. რამე დააშავა ჩემმა შვილმა? ნორმალურად გაუკეთა ყველაფერი. მანაც იმ დღეს გაიკეთა და მერე გაუკეთეს მეგის. წივილკივილი რომ ატყდა, მერე გამოვედი მეც და ექიმები იქ იყვნენო," - აცხადებს თეა გზირიშვილის დედა მაყვალა გზირიშვილი.
იყო თუ არა დაშვებული შეცდომები მეგი ბაქრაძის ვაქცინაციის შემდეგ გართულების მართვისას - პროკურატურამ გარდაცვლილი მედდის საქმეზე სამ პირს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინა. საუბარია ახალციხის კლინიკა იმედის ორ ექიმსა და ერთ ექთანზე.
"ბრალი აქვთ წარდგენილი 2 ექიმსა და 1 ექთანს. ისინი დაკავებულები არ არიან. მათ ბრალი ედებათ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და გამოძიების ჩიხში შეყვანა შეგნებულად. მოცემული ეტაპისთვის ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის მიმართული არ აქვს. თუმცა კანონით დადგენილ ვადაში ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რადგან თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნას შესაბამისი აღკვეთის ღონისძიება,"- აღნიშნავს პროკურორი.