19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"არანაირი საუბარი არ ყოფილა, მესამე ენაზე კითხვებს არ ვუპასუხებ" - აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ხანგრძლივობისა, დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სრულყოფილი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, მიზეზი თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

"ამ დრომდე, პროკურატურას არ გადმოუცია შეკითხვები აზერბაიჯანულ ენაზე. შესაბამისად, არანაირი საუბარი არ ყოფილა. მესამე ენაზე კითხვებს არ ვუპასუხებ. 4 საათი უბრალოდ ვისხედით, არაფერზე გვისაუბრია. ხვალ ახალი თარჯიმანი გვეყოლება, ასე რომ, პროცედურა ხვალ გაგრძელდება. ვიცი, თურქულ ენაზეც შეგვეძლო გველაპარაკა, თუმცა, თურქულიც არ ვიცი იმ დონეზე, რომ დაკითხვა შემდგარიყო. ვნახოთ, ხვალ რა იქნება,"-აცხადებს ჟურნალისტი.

მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ჟურნალისტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანახმაა და თარჯიმნით უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამოკითხვაც გაგრძელდება. 

"დღეს გამოკითხვა ვერ შედგა, ვინაიდან მივედით პროკურატურის ოფისში გამომძიებელთან, აღმოჩნდა, რომ დაგვხვდა თურქულენოვანი თარჯიმანი. დაახლოებით, 1.5 საათი დასჭირდათ, რომ მოეწვიათ აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი, მაგრამ გამოკითხვის დაწყებიდან, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ, გაირკვა, რომ თარგმნის დროს იყო ხარვეზები და ამის გამო ვეღარ დასრულდა გამოკითხვა. დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ გამოძიება აპირებს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ყველა იმ წინადადებაზე, რაც ჰქონდა გამოძიებას, ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა. ხვალისათვის თუ იქნება უზრუნველყოფილი აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, ჩვენ მზად ვართ გამოვცხადდეთ დილიდანვე და მონაწილეობა მივიღოთ გამოკითხვაში,"-აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები