მდინარე რიონში, უკვე მესამე დღეა, 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე, აქციების მიმდინარეობის მახლობლად, მოწყობილია სპეციალური საველე შტაბი. სამაშველო სამსახურებს და საპოლიციო ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია "ენკამ", რომელიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას გეგმავს.
იმერეთის მხარის გუბერნატორის განცხადებით, რიონის ხეობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ყველა ტექნიკური საშუალება, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში, თუმცა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის ის, რომ მდინარე ძალიან ადიდებულია და რთული კლიმატური პირობებია. გუბერნატორის თქმით, ძებნა გაგრძელდება, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ.
რიონში მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს წყალში შევიდა და გაუჩინარდა.