დაკავებული დავით კოდუას მეუღლის განცხადებით, გვიან ღამით ოჯახში მომხდარი კონფლიქტის დროს 112-ში თვითონ დარეკა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, მოითხოვა თუ არა მან მეუღლისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა.
"112-ში დავრეკე, რომ გამოეწერათ ორდერი ცოტა ხანი ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. არ მახსოვს ახლა, ვტიროდი და მინდოდა, რომ მოსულიყვნენ, მალე მოდით-მეთქი. სახლში იმყოფებოდა ჩემი ორი შვილი და დათო," - აცხადებს დავით კოდუას მეუღლე.
დაკავებული ბიზნესმენის შვილი კატო კოდუა აცხადებს, რომ ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ჰქონია და 112-ში იმისთვის დარეკეს, რომ სიტყვიერი კონფლიქტი ზედმეტში არ გადაზრდილიყო.
"ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი რომ არ გადაზრდილიყო ზედმეტში, მაგიტომ დავრეკეთ," - განაცხადა დავით კოდუას შვილმა კატო კოდუამ.
ცნობისთვის: ბიზნესმენი დავით კოდუა გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიციაში მისმა მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა დარეკა, თუმცა როგორც მან დღეს "კურიერთან" განაცხადა, ნათია გედევანიშვილი შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს და არა დავით კოდუას დაკავებას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.