ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება.
სასამართლო, სავარაუდოდ, მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, გადასინჯავს.
წინა პროცესის გადადების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ თავად ნიკა მელია დასწრებოდა სასამართლო პროცესს, სადაც დიდი ალბათობით მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაიხედოს.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, პროკურორების შუამდგომლობით მოხდება ეს თუ მოსამართლის ინიციატივით, ალბათობა იმისა, რომ ნიკა მელია პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ, დიდია.
"კურიერთან" საუბრისას ადვოკატი ამბობს, რომ ამის უფლება კანონით მინიჭებული აქვს თავად მოსამართლესაც იქიდან გამომდინარე, რომ 17 თებერვლის შემდეგ უკვე თითქმის 2 თვე სრულდება და სწორედ ამ ვადაში მოსამართლე ვალდებულია პირის წინასწარი პატიმრობის შესახებ საჭიროებას გადახედოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
"ყველა შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ პატიმრობა არ უნდა გაგრძელდეს, იქნება ეს საერთოდ აღკვეთის გაუქმება თუ სხვა ნაკლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მათ შორის გირაოსი, ეს გამოიწვევს ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სასამართლოს სხდომის დარბაზიდან," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული, გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობა" სრული შემადგენლობით და ასევე სხვა პარტიის ლიდერებიც, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.
ენმ-ს ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.