გენერალურმა პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ცნობით, ასევე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
"ჯემალ ხინიკაძე და რომან ალთუნაშვილს საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი გამოძიება. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა პირველადი საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც აღნიშნული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები გამოირიცხა," - ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში მიმართავენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.
"დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა წინა ხელისუფლების დროს ჩემს მიმართ პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უახლოეს მომავალში მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და დამიბრუნდება უკანონოდ წართმეული ქონება," - აღნიშნა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა.
პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 407 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 57 750 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.