საფეხბურთო კლუბის ქალი ფეხბურთელების უფლებებს, მათ მიმართ კაცი მწვრთნელის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის სავარაუდო დანაშაულზე, PHR იცავს.
სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგონებს ასევე PHR იცავს.
PHR-ის განცხადებით, 2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგონების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.
"სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.
სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ.
PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ, დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმატიზება," - ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.