19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - ვის სახელს ყვიროდნენ თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმის მცდელობისას და რა შუაშია ამ ყველაფერთან გიორგი რურუა

მხედრიონის დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელი და შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მასზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის დეტალებს ექსკლუზიურად "კურიერთან" ჰყვება. ინციდენტი გუშინ, დღისით, თბილისის ცენტრში მოხდა.

თემურ ხაჩიშვილის ინფორმაციით, ის მეგობრის ოფისში იმყოფებოდა, სადაც 12-მდე პირი მასთან ანგარიშსწორებისთვის მივიდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები ისროდნენ ქვებს და იყო უცენზური შეძახილები. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მომხდარი 90-იანი წლების ქუჩის გარჩევას ჰგავდა.

თემურ ხაჩიშვილი სავარაუდო თავდამსხმელების ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ "კურიერმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი ვინც შს ყოფილ მინისტრთან მივიდა, საკუთარ სახელს და გვარს ხმამაღლა ყვიროდა. ის ყოფილი მხედრიონელის, 90-იან წლებში მოკლული ზაზა ვეფხვაძის შვილი, ალეკო ვეფხვაძე იყო. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მცდელობაც სწორედ მხედრიონის პერიოდსა და ვეფხვაძის მკვლელობას უკავშირდება. "კურიერმა" ვერსიის გადამოწმება გამოკითხვიდან გამოსულ ალეკო ვეფხვაძესთან სცადა.

ალეკო ვეფხვაძემ ინტერვიუში ყველაფერი უარყო, თუმცა გამოძიებასთან დაადასტურა ხაჩიშვილთან კომუნიკაციის მცდელობა. ის გამოკითხვის შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა. მის თავდასხმაში მონაწილეობას კი კატეგორიულად გამორიცხავენ ოჯახის წევრები.

ვეფხვაძეები მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ და მომხდარში რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ გიორგი რურუას ადანაშაულებენ

გიორგი რურუამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა დღეს არ ისურვა, ვეფხვაძეების ბრალდებებს კი მისმა ადვოკატებმა აბსურდი უწოდეს.

რეალურად, რა მოტივი ჰქონდა ალეკო ვეფხვაძეს და მის თანმხლებ პირებს, როდესაც თემურ ხაჩიშვილთან მივიდნენ; იყო თუ არა ყოფილ მინისტრზე თავდასხმის მცდელობა - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოკითხულია ინციდენტის მონაწილე ყველა ფიგურანტი; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა საქმეს კვალიფიკაცია ჯერ კიდევ არ აქვს.

დღის ამბები